მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევს
მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევს

საქართველოს მთავრობა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  საქართველოში გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განხილვის მთავარი თემები იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე – განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა – „მწვანე ეკონომიკა“.

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი ოფიციალურად დღეს დადასტურდა. ზუსტი ინფორმაცია ანგელა მერკელის ვიზიტის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა პირველი არხის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი საქართველოს აგვისტოს მეორე ნახევარში ეწვევა.