მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო ჰაბი
მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო ჰაბი

საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ ფორუმს, რომელიც საერთაშორისო ეგიდით ტარდება, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოსთვის.

„საქართველო პოზიციონირებს, როგორც საზღვაო ქვეყანა და ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ამ პოზიციონირების პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.

ამ ფორუმის მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, ლოგისტიკური, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელია მსჯელობა და აზრთა გაზიარება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ამის დიდი გამოცდილება აქვთ.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ საზღვაო ტრანსპორტზე მოდის მსოფლიო ტვირთბრუნვის ყველაზე დიდი წილი. მოგეხსენებათ, საზღვაო ტრანსპორტი საუკუნეების განმავლობაში საქონლის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი საშუალება იყო. დღეს კი, ჩვენს ეპოქაში, 21-ე საუკუნეში, მისი განვითარება სრულიად ახალ მოთხოვნებს გვიყენებს.

სწორედ ამიტომ, დიდ დატვირთვას იძენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომლის პოზიტიური როლი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგია გლობალური მასშტაბით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც დიდი თუ პატარა სახელმწიფოების ხმა თანაბრად ისმის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ყველა ვთანხმდებით, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას  დიდი როლი  მიუძღვის საზღვაო ტრანსპორტის გლობალური სისტემის ჰარმონიზაციაში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელსაყრელი გეოგრაფია და უნიკალური მდებარეობა საქართველოს ხელს უწყობს, გახდეს რეგიონული ჰაბი მრავალი მიმართულებით.

„სწორედ ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ტურისტული და საფინანსო ჰაბი. ეს არის ის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის არამარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და თვისობრივად შეცვლის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველო არის კარიბჭე რვა ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი შესაძლებლობა.

როდესაც  ლოგისტიკურ ჰაბზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ეფექტიანი საგზაო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის არსებობას. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და ვახორციელებთ ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი, თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და ბევრი სხვა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, საქართველოს დიდი სატრანზიტო პოტენციალი გამოყენებული იქნას რეგიონის ყველა სახელმწიფო მიერ.

„ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ სინქრონულად და ჰარმონიულად. ჩვენი სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია ამ პოტენციალის სრულფასოვნად გამოსაყენებლად აუცილებელია.

ჩვენ ჩართული ვართ ისეთი გლობალური მნიშვნელობის პროექტებში, როგორიცაა – „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა, ტრასეკა, ლაპის ლაზული, სპარსეთის ყურე – შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი და ბევრი სხვა.

ასევე მინდა, ყურადღება შევაჩერო ჩვენთვის აქტუალურ კიდევ რამდენიმე თემაზე. საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა. ამავე დროს, ჩვენ მსოფლიოში მე-9 ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი გადასახადების კუთხით.

გარდა ამისა, ჩვენ აჭარის ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი. ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი – კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა.

ექსპორტის ზრდის, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ეროვნული წარმოების განვითარება და ტრანსპორტს ამ ნაწილში სრულიად განსაკუთრებული და უნიკალური როლი აქვს. ტრანსპორტი და ენერგეტიკა გახლავთ სწორედ ის ორი დარგი, რომელიც აუცილებლად უნდა უსწრებდეს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. სხვანაირად ის შეიძლება გახდეს ერთგვარი ვიწრო ყელი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზღვაო ტრანსპორტის მიმართულების წარმატებით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ლიდერების გაზრდა, რაც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ამ სექტორს საქართველოში.

„შესაბამისად, საზღვაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენ ავირჩიეთ საზღვაო განათლება და, დარწმუნებული ვარ,  ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად მოიტანს ძალიან პოზიტიურ შედეგებს“, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივან კიტაკ ლიმს საქართველოში ჩამოსვლისა და ფორუმში მონაწილეობისთვის.

„ბატონო გენერალურო მდივანო, ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ დღეს ესწრებით ამ ფორუმს და უკვე მეორედ ჩამობრძანდით საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფორუმი ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე მიღებული იქნება ბათუმის დეკლარაცია, რომელიც ჩვენი მთავრობის საზღვაო სტრატეგიის განუყოფელი და მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდება.

დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას ყველა მიმართულებით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვაო დარგის განვითარების ხედვების გაზიარების კუთხით, ასევე აქტუალური საკითხების წამოჭრასა და განხილვაში და მოგვცემს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობას.

დარწმუნებული ვარ, ბათუმის ეს ტრადიციული ფორუმი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი იმისთვის რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ახალი სტრატეგია, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვაო ტრანსპორტის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს და გახდის ხელმისაწვდომს ყველა ქვეყნისთვის, მიუხედავად მისი ზომისა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.