მამუკა ბახტაძე - საქართველოს ისტორიაში პირველად, სსფ-ის პროგრამის შეფასება  მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა
მამუკა ბახტაძე - საქართველოს ისტორიაში პირველად, სსფ-ის პროგრამის შეფასება მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა

საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეფასება მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა.

აღნიშნულ საკითხს ფინანსთა მინისტრი  საქართველოს პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას შეეხო.

„მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დამტკიცებული პროგრამა, ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მაკროეკონომიკური ჩარჩო და რეფორმები აღიარებულია, როგორც საუკეთესო მთელ ფართო რეგიონში, რომელიც 31 ქვეყანას მოიცავს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, სსფ-ის ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, აღნიშნულია, რომ არსებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით, ქვეყანაში დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი.

მინისტრის განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის დასტაბილურებამ და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ, საქართველომ შეძლო ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის შესრულება, რაც გამოიხატა მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაში, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების პარალელულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება, მიმდინარე წელს, ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებელი, 2018 წლის დასაწყისიდან შემცირდება და დაუბრუნდება მიზნობრივი მაჩვენებლის დონეს.