მამუკა ბახტაძე - ჩვენს ისტორიაში ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება ძალადობრივად, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს შტურმი პარლამენტზე, ორივე დასრულდა ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით
მამუკა ბახტაძე - ჩვენს ისტორიაში ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება ძალადობრივად, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს შტურმი პარლამენტზე, ორივე დასრულდა ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგებით

ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთ გზა, რათა საქართველო შედგეს როგორც წარმატებული ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე. ქვეყნისთვის ორივე დასრულდა უმძიმესი შედეგებით.

„ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შსს, რადგან ეს იყო მათი მოვალეობა, აღეკვეთათ უმძიმესი სცენარი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა, ჩვენ და შსს-მ შევძელით აგვეცილებინა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შსს-ს, ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთ გზა, რათა საქართველო შედგეს, როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამისთვის.

„ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. ძალიან რთული წუთები იყო ის, რაც ჩვენ გავიარეთ, ვიხილეთ თითოეული ქართველისთვის და პატრიოტისთვის. ამ წუთებში და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები, პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა – ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ვეხმარებით საკუთარ მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი წასულია საზღვარგარეთ სამკურნალოდ საუკეთესო ჰოსპიტალებში. თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ განვიხილავთ, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტები. ეს იყო დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.