მამუკა ბახტაძე - საქართველოს დიდი მომავალი აქვს სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით
მამუკა ბახტაძე - საქართველოს დიდი მომავალი აქვს სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით

ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში და განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მთელი ძალისხმევა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესებისკენ უნდა მიმართონ.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში. თავის მხრივ, ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს მომიჯნავე დარგების განვითარებასაც, რადგან ტურისტს სრულფასოვანი ვიზიტისთვის სჭირდება ეკონომიკის სხვა სექტორების მომსახურებაც. ამიტომაც უკვე რამდენიმე წელია, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთგვარ ლოკომოტივად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მომიჯნავე დარგებში ახალი ინვესტიციებისა და იდეების მოზიდვას. იცით, რომ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს.

შესაბამისად, ტურიზმის სექტორია სწორედ ის ეკონომიკის სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ინკლუზიურ ზრდას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ამ ბიზნესების განვითარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაზე უფრო მტკივნეული ეკონომიკური გამოწვევის დაძლევას, როგორიც გახლავთ სიღარიბე. ტურიზმი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და მისი განვითარება იმ რეგიონებში, რომელიც ჯერ ჩამორჩება სხვა მსხვილ ქალაქებს. მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტალის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია, ხოლო 2017 წლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.  

ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიანიშნებს ტურიზმის სექტორის განსაკუთრებულობას ჩვენი ეკონომიკისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის თანამიმდევრულ და სტაბილურ განვითარებაზე, გვაქვს სტრატეგიული ხედვა და სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამავე დროს, რომ ის რეფორმა, რომელიც ტარდება განათლების სექტორში, იყოს მჭიდრო კავშირში ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევებთან. შესაბამისად, ის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც უახლოეს მომავალში გაიხსნება საქართველოში, მათი დიდი ნაწილი იქნება ფოკუსირებული სწორედ იმ ეკონომიკურ სექტორებზე, რომელსაც აქვს საქართველოში ყველაზე მეტად ზრდის პოტენციალი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ქვეყანაში ახალი მიმართულებების განვითარებას. მისი თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საქმიანი ტურიზმის განვითარება.

„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები, როგორებიც არის სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია. ამ პაკეტის დამუშავებას განვაგრძობთ, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენ ტურისტულ სექტორში.

სამედიცინო ტურიზმთან ერთად, საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც. საინტერესოა, რომ მსგავსი გამაჯანსაღებელი 183 კურორტი არის რეგისტრირებული საქართველოში. ასევე დაგეგმილი გვაქვს, განვავითაროთ შეხვედრების ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ინერგება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ხედვა, რომ გახდეს რეგიონის ტურისტული, სატრანსპორტო და ინტელექტუალური ცენტრი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და ქართული სტუმართმასპინძლობის ტრადიციების წარმოჩენა.

დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტურიზმის მიმართულებით, ეფექტიანია და მომავალშიც შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგის მოტანას ქვეყნის ეკონომიკაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ და მოვემზადოთ ყველა, რომ 2019-ში კიდევ უფრო მეტ ტურისტს ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა პრემიერმა.