მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკურ კავშირებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს
მამუკა ბახტაძე - საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკურ კავშირებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს

საქართველოში ბელარუსიდან 150 კომპანიის სტუმრობა ხაზს უსვამს, რომ ჩვენს შორის ეკონომიკურ კავშირებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიაში“, ბელარუსული პროდუქციის გამოფენას დაესწრო.

მისი თქმით, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ურთიერთობები იზრდება და არსებული მაჩვენებლის გაორმაგების პოტენციალიც არსებობს.

„ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა ლამაზ ტრადიციად იქცა ჩვენს ლამაზ ქალაქში. ჩვენ და ბელარუსებს განსაკუთრებული მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. დღეს ჩვენ საქართველოში გვეწვია 150 კომპანია ბელარუსიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენს შორის ეკონომიკურ კავშირებს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მიხარია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა იზრდება. დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, სავაჭრო მოცულობა ორ ქვეყანას შორის სულ მცირე, გავაორმაგოთ, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანი სავაჭრო კონტრაქტები გაფორმდება, რომლის ფარგლებში საქართველოში ქართულ-ბელარუსული ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება.

„ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ მსგავსმა გამოფენებმა და ბიზნესფორუმებმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოში მივიღოთ დამატებით უცხოური ინვესტიციები. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გამოფენის და ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთ ბელარუსიდან და რაც მთავარია, მეტ ტურისტს მეგობარი ქვეყნიდან. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური კორპორაცია, რომელიც შემდგომ წლებში იქნება საქართველოსა და ბელარუსს შორის, ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც ბელარუსში, ასევე საქართველოში”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ბელარუსში ქართული პროდუქციის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება იგეგმება.