მამუკა ბახტაძე - საქართველო ტრანზიტული ფუნქციის შესრულებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის მიღებას განაგრძობს
მამუკა ბახტაძე - საქართველო ტრანზიტული ფუნქციის შესრულებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის მიღებას განაგრძობს

საქართველო სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას არ აპირებს და ბუნებრივია, განვაგრძობთ იმ სარგებლის მიღებას, რაც დაკავშირებულია ამ ფუნქციის შესრულებასთან, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „გაზპრომთან“ სატრანზიტო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს იღებს სატრანზიტო ფუნქციიდან, რაც ქვეყნის ინტერესშია და იმ შემთხვევაში, თუ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, ეკონომიკის სამინისტრო მას საზოგადოებას დეტალურად გააცნობს.

მამუკა ბახტაძემ ამ თემაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოლოდინებსაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, მე ყოველთვის შინაარსობრივ მხარეზე ვამახვილებ ყურადღებას და თუ გნებავთ პოლიტიკურზეც გავამახვილებ. იგივე პოლიტიკური გუნდი, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნისას საუბრობდა, თითქოს მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა. ვცდილობ, ჩემი პასუხი იყოს შინაარსობრივი, ისეთი, როგორიც აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველო განაგრძობს ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას და იმ სარგებლის მიღებას, რაც ამ ფუნქციასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის სატრანზიტო ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის პირველ იანვარს ამოეწურა. შესაბამისად, ამ დროისთვის რუსეთიდან სომხეთში, საქართველოში გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი ხელშეკრულების გარეშე მიმდინარეობს.