მამუკა ბახტაძე - საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს ძალიან დიდი მიღწევაა
მამუკა ბახტაძე - საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს ძალიან დიდი მიღწევაა

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს ძალიან დიდი მიღწევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხთაშორის ურთიერთობებს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობა  საუკუნეების განმავლობაში სამაგალითოა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში, ქალაქში, რომელიც უფრო და უფრო ლამაზდება. მე აქ ძალიან ხშირი ვიზიტები მქონდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი ვიყავი.

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენთვის ხალხთაშორის ურთიერთობებს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ჩვენი მეზობლობა და მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში მართლაც რომ სამაგალითოა. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ამ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმტკიცება და გამყარება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, რეგიონული პროექტები, რომლებიც საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად განახორციელეს,  საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობისაა.

პრემიერ-მინისტრმა  რეგიონული პროექტების მხრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში  მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, დიდი პოტენციალი არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად რეგიონული პროექტების პოტენციალს კიდევ უფრო უკეთ ავითვისებთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის იზრდება. წელს მოლოდინია, რომ ის მილიარდს მიუახლოვდება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც არ არის პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ  ორმხრივი თანამშრომლობის შემთხვევაში, მომდევნო ორ წელიწადში, დაბრკოლების გარეშე, ბრუნვის 50-60 პროცენტით გაზრდა შესაძლებელია.

„ამასთან ერთად სასიხარულოა, რომ ბევრ სხვა სფეროში, როგორიცაა კულტურა, ხელოვნება და სპორტი, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი და სამაგალითოა. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი მიზნის მიღწევას შევძლებთ“, – აღნიშნა შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტს  მეგობრული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს პრემიერის ბაქოში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.