მამუკა ბახტაძე - საქართველო მზად არის, ევროპულ სტრუქტურებთან მეტი ინტეგრაციის ხარისხს მიაღწიოს, ეს იქნება მთავარი ამოცანა ბათუმის კონფერენციაზე
მამუკა ბახტაძე - საქართველო მზად არის, ევროპულ სტრუქტურებთან მეტი ინტეგრაციის ხარისხს მიაღწიოს, ეს იქნება მთავარი ამოცანა ბათუმის კონფერენციაზე

ბათუმის კონფერენციის ფარგლებში გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები და გვაქვს მნიშვნელოვანი მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში 11-12 ივლისს გაიმართება და ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას დაესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

„ჩვენ დიდი ხანია ბათუმის კონფერენციისთვის ვემზადებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასოდეს ყოფილა და საქართველო ევროპულ ოჯახთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის კონფერენცია ასეთი წარმომადგენლობითია. ძალიან კარგია, რომ ამ კონფერენციას დაესწრება პრეზიდენტი ტუსკი და მინდა, მას ამისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ საქართველოს უფრო მეტად ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენ ვართ ძალიან წარმატებულები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, მაგრამ ამავე დროს, საქართველო არის მზად ევროპულ სტრუქტურებთან უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხს მიაღწიოს და სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა ბათუმის კონფერენციაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.