მამუკა ბახტაძე - დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან
მამუკა ბახტაძე - დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან

საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ამ პროგრამამ მის მონაწილე ექვსივე ქვეყანას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა.

„თუმცა, დღეს სწორედ საქართველო ითვლება ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღეს ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება. დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან. მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ვემზადებით, ივლისში ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან კონფერენციას ბათუმში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. საქართველო მზად არის, ყველა მიმართულებით უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას ძალიან პოზიტიურად აღიქვამენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

„სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვესაუბროთ, რომ საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ დადებით უკუკავშირს ამ საკითხზე. ამასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი – “გზამკვლევი ევროკავშირისკენ” და სწორედ ამ ფუნდამენტური დოკუმენტის გარშემო უნდა ავაშენოთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ევროკავშირში დამატებითი ინტეგრაციის შესაძლებლობები. მთავარია, რომ განწყობა არის ძალიან დადებითი და ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.