მამუკა ბახტაძე - საპენსიო რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესია
მამუკა ბახტაძე - საპენსიო რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპენსიო რეფორმის გატარება ყველა წარმატებულ ქვეყანაში მოხდა და ეს ნაბიჯი საქართველოსაც აქვს გადასადგმელი.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ საპენსიო რეფორმა საქართველოში გაცილებით ადრე განხორციელებულიყო.

„არსებობს მაღალი ინტერესი საპენსიო რეფორმის მიმართ. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ყველა წარმატებულ ქვეყანაში მოხდა საპენსიო რეფორმის გატარება. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ წარმატებულ ეკონომიკას, სადაც საპენსიო ფონდები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, საქართველოსაც აქვს ეს ნაბიჯი გადასადგმელი. უფრო მეტიც, მე ვისურვებდი, რომ ეს განხორციელებულიყო გაცილებით ადრე. რაც შეეხება საბიუჯეტო კომპონენტს, ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს თანხა ამ მიმართულებით 80 მილიონი ლარის ოდენობით 2018 წელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

რაც შეეხება საბაზისო პენსიის ზრდას 20 ლარით, ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს პუნქტი დევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებულ პროგრამაში, რომ 2019-2020 წელს ორ ეტაპად მოხდება საბაზისო საპენსიო განაკვეთის ზრდა.