მამუკა ბახტაძე - როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, საპენსიო რეფორმა გაცილებით ადრე დაწყებულიყო
მამუკა ბახტაძე - როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, საპენსიო რეფორმა გაცილებით ადრე დაწყებულიყო

საპენსიო რეფორმა ქვეყანაში მდგრადი და პროგნოზირებადი სოციალური დაცვის გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპენსიო რეფორმა მსოფლიოში ყველა წარმატებულ ქვეყანას აქვს განხორციელებული.

„როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი, რომ საპენსიო რეფორმა გაცილებით ადრე დაწყებულიყო. რაც შეეხება მოდელს, პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მოსმენა დაიწყო. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის რეკომენდაციისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს არის დამატებითი გადასახადი.

OECD-ის სტანდარტის მიხედვით, რომელიც ჩვენი მთავარი ორიენტირია, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება დამატებით გადასახადად. მეტიც, როგორ შეიძლება ის შინაარსობრივად იყოს დამატებითი გადასახადი, როდესაც პირიქით, ვსაუბრობთ, რომ აღნიშნული რეფორმის თანადაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება“, – განმარტავს მამუკა ბახტაძე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, საპენსიო რეფორმის გარეშე პროგნოზირებადი და მდგრადი სოციალური დაცვის გარემოს შექმნას ვერც საქართველო და ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებს.

დაგროვებითი პენსიის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.