მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება
მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება დასკნითი შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდება. ​მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრა 19:00 საათზეა დაგეგმილი.

„მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც, პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და მას შემდეგ, რაც სამინისტროების სტრუქტურულ ცვლილებებზე მიიღება გადაწყვეტილება, იქნება კონკრეტულ მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, სავარაუდოდ, სამინისტროების რაოდენობა 11-მდე შემცირდება, რის შესახებაც სწორედ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ისაუბრებენ.

„ქართული ოცნების“ ოფისში რამდენიმე დღეა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.