მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა
მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა.

მთავრობის მეთაური 15 მარტს ოფიციალურად გახსნის ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას – „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომელსაც საგამოფენო ცენტრი ტერადა ვეარჰაუსში (Terrada Warehouse) მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიცია, რომელიც უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

გამოფენა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია „სონისა” და კომპანია „ტოპანის” პარტნიორობით იმართება და დამთვალიერებელს 7 მაისამდე უმასპინძლებს.

გარდა ამისა, 15 მარტს ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის​ (JETRO) პრეზიდენტ იასუშუ აკაჰოშისთან ერთად გახსნის.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს, მათ შორის იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ფინანსთა მინისტრ ტარო ასოუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოსთან. დაგეგმილია მოლაპარაკებები იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციისა (JETRO) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტებთან.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

მამუკა ბახტაძის ვიზიტი იაპონიაში 15 მარტს დასრულდება.