მამუკა ბახტაძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელს ეწვევა
მამუკა ბახტაძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, 20-21 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

21 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ევროკომისრები მიიღებენ მონაწილეობას.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. შედგება მამუკა ბახტაძის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რის შემდეგაც მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრთა კაბინეტის წევრების თემატური შეხვედრები ევროკომისრებთან.