მამუკა ბახტაძე - სამსახიობო ნიჭით კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ დეპუტატთან, ამიტომ გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება
მამუკა ბახტაძე - სამსახიობო ნიჭით კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ დეპუტატთან, ამიტომ გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება

დღეს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი 7 პროცენტიანი სესხი ლარში, თქვენს პერიოდში კი, განაკვეთი 21 პროცენტი იყო, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ კითხვას საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

ამასთან, მისი განმარტებით, ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები.

„ყველამ კარგად გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში. საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა: პირველი – დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700 და 800 პროცენტიანი სესხები საქართველოში, ის უსამართლო თამაშის წესები, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ.  მეორე – ყოფილიყო ჯარიმებზე და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო.  შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი -7 პროცენტიანი სესხი ლარში. ასევე მინდა შეგახსენოთ, თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო? 21 პროცენტი, გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პარლამენტის დარბაზიდან რეპლიკების შემდეგ პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, შინაარსზე გაემახვილებინათ ყურადღება.

„რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო, არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. სამწუხაროდ, მე სამსახიობო ნიჭში კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.