მამუკა ბახტაძე სამეგრელოს მოსახლეობას - თქვენ აჩვენეთ ხასიათის ისეთი სიმტკიცე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მაგალითი უნდა იყოს
მამუკა ბახტაძე სამეგრელოს მოსახლეობას - თქვენ აჩვენეთ ხასიათის ისეთი სიმტკიცე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მაგალითი უნდა იყოს

დღეს ოთხი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვისობრივად გადავედით ახალ ეტაპზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ჩვენი თაობის დამსახურება არ არის, არამედ წინაპრების დამსახურება, რომლებმაც შეძლეს და ქვეყანას, მომავალ თაობებს შეუნარჩუნეს უნიკალური კულტურა, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა საერთო ევროპულ ცივილიზაციაში.

პრემიერმა სამეგრელოს რეგიონზე, მის წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როდესაც დგახარ ისტორიული კოლხეთის მიწაზე წარმოუდგენელია, ეს შეგრძნება არ გქონდეს, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის ამ უძველეს კულტურას საერთო ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. როდესაც დგახარ ამ უძველეს მიწაზე, ამავე დროს, გრძნობ, რომ დგახარ ხიდზე, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის –  ევროპულ ოჯახში დაბრუნების შეუქცევადობა.  ეს არის ის განცდა, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქართველს ეუფლება, როდესაც ჩამოდის, დგას და გრძნობს ამ მიწას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ იცის ქვეყნის რთული ისტორია, რომლის მანძილზე სამეგრელო თავის გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობდა.

„ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ძალიან რთული. ეს არის ისტორია, რომელიც მიეძღვნა ჩვენს თავისუფლებას და ღირსებას და როდესაც ასეთი ჟამი დგებოდა და ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია, როდესაც იყო იდეა საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და ღირსების, ეს ულამაზესი კუთხე თავის პრინციპულ და გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობდა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მან უახლოესი წარსული გაიხსენა და სამეგრელოში 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ჩვენი უახლოესი ისტორიაც ძალიან მძიმე და ტკივილით სავსეა. ეს განსაკუთრებით სამეგრელომ გამოსცადა თავის თავზე. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა უბედურება დატრიალდა 90-იან წლებში აქ. ეს იყო უსამართლობის განცდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ სამეგრელომ აჩვენა ხასიათის ისეთი სიმტკიცე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის უნდა იყოს მაგალითი. მამუკა ბახტაძის თქმით, მისთვის ეს ნამდვილად მაგალითია.