მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით
მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური, ყველაზე დიდი პოტენციალი, რათა იყოს წარმატებული რეგიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სენაკში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბიზნესფეროუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შეიქმნება წინაპირობა, რათა მეტი გაკეთდეს სოფლის მეურნეობაში.

„როდესაც ჩვენ ვიწყებდით პროგრამებს სოფლის მეურნეობაში, გვესმოდა ბევრი უსაფუძვლო კრიტიკამ, რომ ეს იქნება წყალში გადაყრილი ფული, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ ჰქონდა პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები თქვენც კარგად გახსოვთ. შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაში გვქონდა 900 მილიონი. დღეს დეფიციტი შეადგენს 300 მილიონი. ჩვენ შევძელით, შეგვემცირებინა ეს დეფიციტი. მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო გახდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის. ამისთვის უნდა გადავდგათ უფრო ქმედითი ნაბიჯები. შარშან ჩვენმა ექსპორტმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეადგინა 1 მილიარდი. ჩვენ ვიქნებოდით კიდევ უფრო წარმატებული, რომ არა უდიდესი გამოწვევა და პრობლემა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც დააზიანა ეს კუთხე.  ბევრი ფერმერი აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე“, – განაცხადამამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, არც საქართველოში და არც საერთაშორიო მასშტაბით, არ არსებობდა აზიურ ფაროსანასთან ეფექტური ბრძოლის გამოცდილება.

„ჩვენ ამ პერიოდში, თქვენთან ერთად, თქვენგან მიღებული რჩევებით, ვფიქრობ, რომ ჩამოვყალიბდით ეფექტურ მექანიზმზე, ჩვენ 10-ჯერ გავზარდეთ შესაძლებლობები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის. სწორედ წელს იქნება გარდამტეხი წელი, სადაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნდება, რომ ამ პრობლემას ერთხელ და საბოლოოდ მოვაგვარებთ. სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური, ყველაზე დიდი პოტენციალი, რათა იყოს წარმატებული რეგიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გეგმავს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც იქნებიან დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით. ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ეს არის გზა რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს. ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში გადავიყვანოთ განვითარების ახალ დონეზე. ბევრი რჩევა მოვისმინე ზუგდიდში სამეგრელოს სხვა რაიონებში ჩვენი ფერმერებისგან და სწორედ ამ რჩევებზე დაყდნობით განვაცხადეთ ახალი ინიციატივის შესახებ, ეს არის პროექტი „დანერგე მომავალი“. აქ ავწიეთ ზედა ზღვარი 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს შესაძლებლობა, უფრო განავითაროს ბიზნესი. გავითვალისწინეთ რჩევები და კენრკოვანი პროგრამა შეეხება ყველა რაიონს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი. მიღებულია გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მტავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამეგრელოს აქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები, თუმცა არ არსებობდა პროგრამა, რომელიც ამ პოტენციალის სრულად წარმოჩენას დაეხმარება.

„მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც გავზრდით სუბსიდირებას. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა სრულად შევძლოთ ამ რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ათვისებას. ეს არის სწორი გზა, რათა ქართველი ფერმერი იყოს წარმატებული და საქართველო იყოს წარმატებული და ჩვენ გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები სიღარიბის დასაძლევად. სიღარიბის დაძლევის გარეშე საქართველო ვერ იქნება წარმატებული. სწორედ ამ სექტორს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.