მამუკა ბახტაძე ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ ივანე კუპრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
მამუკა ბახტაძე ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ ივანე კუპრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარის ჩაქრობისას ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე კუპრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარის ქრობისას დაიღუპა ჩვენი მოქალაქე ივანე კუპრაძე. ის გახლდათ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. გახლდათ გამორჩეული და მართლაც თავდადებული რეინჯერი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბრაკონიერებისგან იცავდა ბორჯომის ამ უნიკალურ ნაკრძალს. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ივანე კუპრაძის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.