მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს და ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება
მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს და ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხვალ გაიმარჯვებს და ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან პრინციპული, დამოუკიდებელი და ის შეძლებს საქართველოს ინტერესების დაცვას ყველა ფორმატში.

„ქალბატონი სალომე გავიცანი რამდენიმე თვის წინ და ჩემთვის იყო დიდი აღმოჩენა, როდესაც მის შვილებთან მქონდა ქართულ ენაზე კონტაქტი. მისი შვილები არიან ფაქტობრივად მეხუთე თაობა, იმის გათვალისწინებით, რომ  სალომე ზურაბიშვილის წინაპრები 1921 წელს იძულებულები იყვნენ საბჭოთა ოკუპაციის გამო წასულიყვნენ ემიგრაციაში.

მე მიცხოვრია საზღვარგარეთ, ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათ კარგად ესმით, თუ რამდენად რთულია შენი ენა, კულტურა და ტრადიციები გადასცე არათუ მეხუთე თაობას, არამედ შენს შვილს. ეს იყო ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი, რომელიც ხაზს უსვამს, როგორი თვისებების მატარებელია ქალბატონი სალომე, რომლის ხელმოწერაც არის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე საქართველოს უახლეს ისტორიაში – ეს იყო რუსული ბაზების გაყვანის თემა.

მეორე მხრივ, არის ადამიანი, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ თავის რუს კოლეგას მისწერა, თუ იქნება შესაძლებელი, რომ ქართული ანსამბლები ჩამოვიდნენ და მოსკოვში იცეკვონო. ერთს უწოდებენ მოღალატეს და მეორეს თურმე პატრიოტს. ეს გახლავთ სწორედ მიუღებელი და იმ პროპაგანდისტული მანქანის შედეგი, რომელზეც მე ვისაუბრე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.