მამუკა ბახტაძე - საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, მომავალ წელს დასრულდება
მამუკა ბახტაძე - საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, მომავალ წელს დასრულდება

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, მომავალ წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება და ამერიკელ პარტნიორებს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„წეროვანში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. ეს იქნება მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამ ცენტრის მშენებლობა შარშან ზაფხულში დავაანონსეთ და ის წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასევე გაგრძელდება ყველა იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს უკვე დასრულდება ბინათმშენებლობის პროცესი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე ჯერ კიდევ 2007 წელს აიღო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.