მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზება საქართველოს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის
მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზება საქართველოს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის

სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზება საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით, უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა. სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და 2019-2021 წლებზე გავრცელდება.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის ტემპების დაჩქარება, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რათა ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამ სტრატეგიის რეალიზება საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაგვეხმარება პერსპექტივაში, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახლავთ, გავატაროთ ყველა რეფორმა, რათა საქართველომ საინვესტიციო რეიტინგი მიიღოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.