მამუკა ბახტაძე - საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გამყარებული, რომ არავინ არასდროს გაბედოს, განათლებას მოაკლოს ინვესტიცია
მამუკა ბახტაძე - საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გამყარებული, რომ არავინ არასდროს გაბედოს, განათლებას მოაკლოს ინვესტიცია

საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გამყარებული, რომ არავინ არასდროს გაბედოს, განათლებას მოაკლოს ინვესტიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „ტექნოპარკში“ გაიმართა.

მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განათლებაზე მშპ-ის 6 პროცენტის დახარჯვას ითვალისწინებს, მთავრობის სხდომაზე ხვალ განიხილება.

„ხვალ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ხვალ არის მთავრობის სხდომა, სადაც გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ. ჩვენ ეს ინიციატივა დავაანონსეთ რამდენიმე კვირის წინ, რომლის მიხედვითაც გვექნება ახალი კანონი და ამ კანონის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის 6 პროცენტი, რომელიც არის ჩვენი ბიუჯეტის 25 პროცენტი, ყოველთვის დაიხარჯება განათლებასა და ახალგაზრდობაზე. რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში? ნებისმიერ მოქალაქეს, ახალგაზრდას ჰქონია ასეთი ფიქრები ალბათ, რომ რა არის გზა, რომელმაც წარმატება უნდა მოუტანოს მას და მის ქვეყანას, მის საზოგადოებას. ბუნებრივია, მეც არ ვარ გამონაკლისი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა განცდა ემოციურად და პრაგმატულადაც, რომ განათლება იყო ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაფიქსირებული.

„ამ დასკვნამდე მივედი ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, როდესაც მომიწია ბიუჯეტის მომზადება და ამავე დროს, დავხარჯე ძალიან დიდი დრო, რომ შემესწავლა დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, როგორ ხდებოდა ბიუჯეტის ფორმირება. იქ დავინახე, სად იყო ჩვენი სისტემური პრობლემა. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, გვაქვს ბევრი სოციალური გამოწვევა, გვაქვს ოკუპაციის პრობლემა.  ბუნებრივია, პოლიტიკურ ცხოვრებაზე ეს ყველაფერი გავლენას ახდენს და ბიუჯეტის ფორმირება ხდებოდა ძალიან მარტივი პრინციპით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, არის ლიმიტირებული რესურსი და განაწილება პრიორიტეტების მიხედვით ხდებოდა.

„არსებობს სავალდებულო და აუცილებელი ხარჯები, სოციალური ხარჯები. გვაქვს ხელფასები სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ, საპროცენტო ხარჯი სესხებიდან გამოწვეული და ბოლოში რჩება განათლება. ეს არის ჩემი ღრმა რწმენით ის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს საქართველოს. ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის ობიექტური რეალობა ასეთია, არჩევნები წარმოადგენს რაღაც მთავარ ორიენტირს და შესაბამისად, პოლიტიკური ცხოვრებაც გარკვეულწილად წარმოადგენს დიაპაზონს არჩევნებიდან არჩევნებამდე. განათლება ყველა ამ პუნქტისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს ძალიან გრძელვადიანი ეფექტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მარკეტინგისთვის განათლება არის ყველაზე ნაკლებად საინტერესო ინვესტიცია.

„შესაბამისად პოლიტიკოსებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ყველა აღიარებს, განათლების გარეშე წარმატებული ვერ იქნება, მოდი ასე ვიტყვი და ცოტა უხეშ სიტყვას გამოვიყენებ, მარკეტინგისთვის განათლება არის ყველაზე ნაკლებად საინტერესო ინვესტიცია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – ყველა ამბობდა, რომ განათლება არის მისი პრიორიტეტი, მაგრამ ფაქტობრივად რომ შევხედოთ, მისი წილი ყოველთვის იყო ძალიან მცირე ბიუჯეტში.  აღარც ვიტყვი მშპ-სთან მიმართებაში რამდენი იყო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განმარტა, რომ  ახალი კანონის სულისკვეთება სწორედ ისაა,  დაფიქსირდეს, რომ განათლება არის პრიორიტეტი და ეს პრიორიტეტი უნდა ჩანდეს ბიუჯეტში.

„ჩემი გუნდისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, ეს საკანონმდებლო დონეზე იყოს გამყარებული, რომ აღნიშნული რეფორმა იყოს გრძელვადიანი. შეიძლება, ხუთი-ექვსი წელი ჩვენ მართლაც განვახორციელოთ მშპ-ის 6 პროცენტი განათლებაში, მაგრამ დაზღვეული არავინ იქნებოდა, რადგან მომავალში რომელიმე პოპულისტურმა ძალამ ან პოპულისტმა პოლიტიკოსმა თქვას, რომ მე მირჩევნია ეს 6 პროცენტი დავხარჯო რაღაც სხვა ამბავში, რომელიც შეიძლება, მარკეტინგულად უფრო საინტერესო იყოს იმ მომენტში და მოხდეს ისევ ინვესტიციების შემცირება განათლებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს გამოიწვევს იმას, რომ პირობითად, ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში განათლებაში გადახდილი თანხები შეიძლება, აღმოჩნდეს წყალში გადაყრილი, რადგან განათლებას ინვესტიციები გრძელვადიანად სჭირდება.

„ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე გამყარებული, რომ არავინ არასდროს გაბედოს, განათლებას მოაკლოს ინვესტიცია. სხვა რაღაცას, კი ბატონო, დაფიქრდნენ მომავალში პოლიტიკოსები, იმსჯელონ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ არა განათლების ხარჯზე. ამიტომაც არის ხვალინდელი დღე ასეთი მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.