მამუკა ბახტაძე - საგარანტიო სქემის ამოქმედებას მცირე და საშუალო ბიზნესზე პოზიტიური გავლენა ექნება
მამუკა ბახტაძე - საგარანტიო სქემის ამოქმედებას მცირე და საშუალო ბიზნესზე პოზიტიური გავლენა ექნება

საკრედიტო-საგარანტიო ფონდის სქემის ამოქმედებას მცირე და საშუალო ბიზნესზე ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, რომელსაც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებით დღეს ბარიერები აქვს.

„რაც შეეხება საგარანტიო სქემის ამოქმედებას, ამაზე შინაარსობრივი მსჯელობები გვქონდა და ინფორმაციაც მივაწოდეთ მოსახლეობას. მცირე და საშუალო ბიზნესზე ამას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, რომელსაც დღეს სამწუხაროდ, ფინანსებთან დაკავშირებით წვდომაზე აქვს მნიშვნელოვანი ბარიერები. აღნიშნულ სქემა ემსახურება ამ ბარიერების მოხსნას, საშუალებას იმისა, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით, ჩვენ მივაწოდოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს უფრო იაფიანი და შეღავათიანი სესხი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, ახალი რეფორმა იწყება –  საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, თავისი შინაარსით საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორი იქნება.