მამუკა ბახტაძე - საგადასახადო საკითხი თამბაქოს მწარმოებელთან ტექნიკური თემაა და ნებისმიერი ტიპის ზეწოლას გამოვრიცხავ
მამუკა ბახტაძე - საგადასახადო საკითხი თამბაქოს მწარმოებელთან ტექნიკური თემაა და ნებისმიერი ტიპის ზეწოლას გამოვრიცხავ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თამბაქოს მწარმოებელ ორგანიზაციასთან საგადასახადო ინსტრუმენტით ნებისმიერი ტიპის ზეწოლას გამორიცხავს, – ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„თითოეული ქართული საწარმო ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ყველას შევახსენო, რომ ზოგადად, სააქციზო საქონელი და ამ შემთხვევაში, თამბაქო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ჩვენი ბიუჯეტისთვის. ეს ძალიან ტექნიკური თემა მგონია. თამბაქოს მწარმოებელი ორგანიზაციის ურთიერთობა სახელმწიფოსთან – ეს არის ძალიან მარტივი საგადასახადო მომენტი“, – განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრის თქმით, თავისუფალი მედია ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და ამასთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეტალური განმარტება გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. მინდა ყველას შევახსენო, რომ მედიის რაოდენობა ამ ქვეყანაში შეესაბამება იმ ევროპულ ორიენტირებს, რომლისკენაც საქართველო მიისწარფის, მაგრამ საგადასახადო საკითხი თამბაქოს მწარმოებელ ორგანიზაციასთან არის ტექნიკური საგადასახადო თემა და გამოვრიცხავ ნებისმიერი ტიპის ზეწოლას ნებისმიერი ტიპის საგადასახადო ინსტრუმენტის გამოყენებით. ბიზნესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობა არის ტრანსფარენტული, თამაშის წესები კი, არის საერთო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა ჯგუფი“ და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“ და არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, რათა ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების განცხადებაში.