მამუკა ბახტაძე - საფინანსო ინსტიტუტის აქციონერისადმი არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა პრობლემად არ მეჩვენება
მამუკა ბახტაძე - საფინანსო ინსტიტუტის აქციონერისადმი არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა პრობლემად არ მეჩვენება

ქართული კომპანიების, განსაკუთრებით ფინანსური ინსტიტუტების ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენა ძალიან დიდი მონაპოვარია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ ინდივიდუალური აქციონერის მიმართ კითხვების გაჩენა ჩვენს მონაპოვარს შეასუსტებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ კითხვაზე, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხდა.

„სამწუხაროდ, აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციის თემა დავინახე, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს და ეს კითხვები არ ეხება საფინანსო ინსტიტუტს, არამედ მის აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პრობლემად არ მეჩვენება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, ყველა კომერციული ბანკი საქართველოში ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ტოლფასია, შესაბამისად პერსონიფიცირება სწორი არ არის.

„თიბისი“ ისევე, როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკი, უდრის საქართველოს ეკონომიკის ფინანსურ სტაბილურობას. შესაბამისად, ასე ცალკე გაპიროვნება არ მიმაჩნია, რომ სწორია. მოსაზრებას, რომ კითხვების დასმამ შეიძლება, საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები. ეს მოწყვეტილია რეალობას და ასე ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ ქართული კომპანიები წარმოდგენილი არიან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში, ეს გზას უხსნის სხვა ქართულ კომპანიებს, ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო კაპიტალზე.

„ჩვენი ფინანსური სტაბილურობა არის ძალიან მაღალი და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

„დარწმუნებული ვარ, ყველა მივიღებთ პასუხებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. შესაბამისად, პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.