მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს განათლების მასშტაბურ რეფორმაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს განათლების მასშტაბურ რეფორმაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორ კრისტინ ლაგარდს მასშტაბური რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

როგორც მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ეს რეფორმა მისცემს საშუალებას საქართველოს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლაგარდს და ფონდს იმ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაში მონაწილეობისთვის, რომელსაც ჩვენ ეროვნულ იდეას ვუწოდებთ – ეს არის განათლება, ადამიანური კაპიტალი და ყველა ის სიმდიდრე, რომელიც აქვს საქართველოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, აქ ჩვენ ველოდებით კონკრეტულ შედეგებს, ისეთ შედეგებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. მსურს, კიდევ ერთხელ ქალბატონ ლაგარდს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალი პროგრამა მომავალში ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დღეს არსებული პროგრამა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საპენსიო რეფორმაში.

„ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას იმ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაში, რომელსაც საპენსიო რეფორმა ჰქვია. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრი პრობლემის და გამოწვევის  გადაჭრაში დაგვეხმარება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას დღეს და რომელიც მომავალში გვექნება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი