მამუკა ბახტაძე - საბოლოო ჯამში, ისეთ ეკონომიკურ მოდელს მივიღებთ, რომელიც ინკლუზიური იქნება და საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ყველა იყოს ჩართული
მამუკა ბახტაძე - საბოლოო ჯამში, ისეთ ეკონომიკურ მოდელს მივიღებთ, რომელიც ინკლუზიური იქნება და საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ყველა იყოს ჩართული

სრულიად უტიფარია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებები, როცა ისინი მოგვიწოდებენ, საფინანსო და საბანკო სექტორის რეფორმა დავიწყოთ, მაშინ, როცა ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ მათ მიერ „რეფორმირებულ“ ამ სექტორში სამართლიანი თამაშის წესები დაგვეწესებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ისეთი ფინანსური სექტორი, რომელიც რაც შეიძლება, მეტი სამომხმარებლო კრედიტის გაცემაზე იყო ორიენტირებული, მაშინ, როდესაც ხდებოდა ასეთი სესხების შემცირების დინამიკა ბიზნესისთვის, რაც ნაკლებ სამუშაო ადგილს, გაზრდილ სავაჭრო დეფიციტს, კიდევ უფრო მყიფე ეკონომიკას და ა.შ ნიშნავდა. ყველა სხვა სექტორში ჩვენ იგივე ანალოგია გვქონდა“,- განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა იმას გულისხმობს, რომ ისევე, როგორც ნებისმიერ სექტორში, საფინანსო სექტორშიც ისეთი გარემო შეიქმნას, სადაც მომხმარებლის და ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. როდესაც ფინანსურ სექტორზე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ეკონომიკისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელმაც სხვა სექტორებისთვის სისხლის და ენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, როდესაც რეფორმაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რას ვაპირებთ და ამ რეფორმებში ძალიან თანმიმდევრული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დღეს მონოპოლიებზე და სხვადასხვა სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ცდილობენ, თავიანთი გაფუჭებული საქმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიაწერონ.

„საქართველოს ბიუჯეტის 50% დაახლოებით, სამასი კომპანიის მიერ გადახდილ გადასახადზეა დამოკიდებული და აქედან, ყოველი მეორე კომპანია ურთიერთდაკავშირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 50% 150 დამოუკიდებელ კომპანიაზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, რამხელა კონცენტრაცია და რამხელა მონოპოლიების რისკი გვაქვს ეკონომიკის თითოეულ სექტორში და ეს სწორედ მათი შექმნილი ეკონომიკური მოდელია, რომელმაც ზოგადად, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ხელისუფლება ცდილობს, ეკონომიკის თითოეულ სექტორში ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგია და ახალი კონკურენცია შეიტანოს და მცირე და საშუალო ბიზნესი განავითაროს, რომელიც თავის მხრივ, რაღაც პერიოდის შემდეგ, მსხვილი ბიზნესი გახდება და მეტს დაასაქმებს.

„საბოლოო ჯამში, ისეთ ეკონომიკურ მოდელს მივიღებთ, რომელიც ინკლუზიური იქნება და, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ყველა მოქალაქე იყოს ჩართული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.