მამუკა ბახტაძე - საბაჟო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია
მამუკა ბახტაძე - საბაჟო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია

საბაჟო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვაზე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 26 იანვარს, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც მან აღნიშნა, უწყება ასევე უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზებას. მისი თქმით, გასულ წელს, დამატებითი ღირებულების გადასახადის მოცულობების თითქმის 70%-ის მობილიზება სწორედ საბაჟო ორგანოების მიერ მოხდა.

„მსურს, მებაჟე ოფიცრებს კიდევ ერთხელ მივულოცო პროფესიული დღესასწაული და მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი საბაჟოს მიმართულებით. მთავარი რეფორმა გახლავთ ციფრული საბაჟოს იდეა, ჩვენ ამის შესახებ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან. საბაჟოს გამართულ და ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატება საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, რომელმაც მებაჟე ოფიცრებს მიულოცა პროფესიული დღესასწაული და სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მაღალი პროფესიონალიზმის, გაწეული შრომისა და თავდადებისათვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 17 თანამშრომელს, მათ შორის, 2017 წლის 22 დეკემბერს ტრაგიკულად დაღუპულ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ასევე, ორ სახელმწიფო უწყებას: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

ღირსების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) და კომპანიები ,,აი დი ეს ბორჯომი“ და ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) წევრ 180 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყოველ წელს აღნიშნავს. 2018 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღის საერთო სლოგანია – „უსაფრთხო ბიზნესგარემო ეკონომიკური განვითარებისთვის.“