მამუკა ბახტაძე - რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი სიღარიბის აღმოფხვრაა
მამუკა ბახტაძე - რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი სიღარიბის აღმოფხვრაა

რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის დაძლევაა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე ჯონ მაკკეინის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

„ფაინენშელ თაიმსის“ რედაქტორის კითხვაზე, რამდენად მწვავედ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის საკითხი, ბახტაძემ უპასუხა, რომ საქართველოში ეს თემა აქტუალურია.

მისივე თქმით, ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი ეკონომიკის განვითარება იქნება.

„საქართველოში რუსეთის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საკითხია და არავის უკვირს, რომ რუსეთი ცდილობს, მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალოს პოზიცია, რომელის ქართველ ხალხს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ეხება. თუმცა, მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან. ჩემი აზრით, უმთავრესი მაინც არის ეკონომიკა. ჩვენ უნდა შევამციროთ სიღარიბე და ეს იქნება საუკეთესო პასუხი გამოწვევაზე. სამწუხაროდ, სიღარიბე ხშირად ქმნის საუკეთესო ფონს და წინაპირობას ნაციონალიზმისა და ქსენოფობის აღმოცენებისთვის. რუსული პროპაგანდა ამ სისუსტეების გამოყენებას ცდილობს. საპასუხოდ ჩვენ უნდა გავზარდოთ ეკონიმიკის განვითარების ტემპი. კიდევ ერთი რეფორმა გასატარებელია განათლების სფეროში. ჩვენ დღეს ფოკუსირებული ვართ ადამიანურ რესურსზე, რადგან ეს პირდაპირაა მიბმული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე და სიღარიბის აღმოფხვრაზე. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის პროპაგანდა ვერასდროს მიაღწევს წარმატებს საქართველოში. თუ შეხედავთ უკანასკნელი არჩევნების შედეგებს, პრორუსული პარტიები ხუთ პროცენტზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.