მამუკა ბახტაძე - რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას ბოლო წლებში უზარმაზარი წინსვლა აქვს
მამუკა ბახტაძე - რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას ბოლო წლებში უზარმაზარი წინსვლა აქვს

რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი წინსვლა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს.

პუბლიკაციაში, რომლის სათაურია „აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, საქართველოს პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე აუმჯობესებს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობებს, გააჩნია ჯანსაღი და მზარდი ტურიზმის სექტორი.

„მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს განხორციელებული რეფორმების რაოდენობის მიხედვით და უმაღლესი ნიშნული აქვს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2018 წლის ზრდის პროგნოზს გადახედა მატების მიმართულებით და ახლა 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მოსალოდნელზე უფრო ძლიერი ეკონომიკური შედეგების დამსახურებით“, – წერს საქართველოს პრემიერი.

მამუკა ბახტაძე ყურადღებას ამახვილებს რუსეთთან საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელსაც საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია.

„ათი წლის წინ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი დაისაკუთრა. მოსახლეობის რიცხოვნობით, ეს იქნებოდა რუსების მიერ მიჩიგანის, ოჰაიოს, ინდიანას, ვისკონსინის, ილინოისის, აიოვას, მინესოტასა და სამხრეთ დაკოტას – მთელი ამერიკის შუა დასავლეთი ზოლის, ასევე ფლორიდისა და ტეხასის ოკუპაციის ტოლფასი. მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში არც კონფლიქტი გვსურს და არც – დაპირისპირება. ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაციის მშვიდობიან და პრაქტიკულ გადაწყვეტაზე. ვცდილობთ, დაძაბულობის დეესკალაცია მოვახდინოთ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ გამოხმაურებია ჩვენს მიმართვას დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის პოვნის თაობაზე“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ხაზს უსვამს აშშ-ის როლს, რაც, მისი შეფასებით, დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითო იქნება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი და აყვავებული საქართველო რუსეთის ეროვნულ ინტერესებშია და საფრთხედ არ უნდა ვიყოთ აღქმული. უფრო მეტიც, მოსკოვმა საქართველოს არ უნდა უყუროს დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტში. საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა ყოველთვის ასეთი მყარი იყო და ის ძლიერდება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. მჯერა, რომ ამერიკას უშუალო ინტერესი გააჩნია ქართულ-რუსული კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან გადაწყვეტაში. აშშ-ის წარმატებული ჩართულობა ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში სამაგალითო იქნება დანარჩენი მსოფლიოსთვის და დიპლომატიის ძალის დემონსტრირებად გვესახება. დღეს, საქართველო მომართულია, მეტ ეკონომიკურ სიმაღლეებზე გავიდეს – გახდეს გლობალური ვაჭრობის რეგიონული ცენტრი და აშშ-ის ბიზნესის დასაყრდენი ევრაზიის ტერიტორიაზე. საქართველო ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში კარგი მმართველობის, ეკონომიკური განვითარებისა და მეზობლებთან თანამშრომლობის გზით. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი და ერთიანი საქართველო იქნება მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ ჩვენი ორი ერის საერთო ინტერესების შემკვრელი ჩვენს რთულ სამეზობლოში და მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის წერილში.

პუბლიკაცია დღეს პოლიტიკურ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა, რომელსაც აშშ-ში დიდი აუდიტორია ჰყავს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.