მამუკა ბახტაძე - რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არის მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩვენს ვალდებულებას
მამუკა ბახტაძე - რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არის მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩვენს ვალდებულებას

რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირების საკითხის კომენტირებისას.

მისი თქმით, სუბსიდირების გადაწყვეტილების ნომერ პირველი პრიორიტეტი ტურიზმის სექტორის დახმარება არ ყოფილა.

„მართლაც საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინიციატივის. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები იყო სწორედ ტურისტული კომპონენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ ბევრი ქართველი, ბევრი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში, ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს, რომ დაბრუნდეს საქართველოში და ზაფხული გაატაროს თავის ოჯახთან, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავის ბებია-ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა-მამიდაშვილი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, მათ გვერდში ამოვუდგეთ. მით უმეტეს, როდესაც ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ, დავეხმაროთ ჩვენს ქართველებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ნებისმიერ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, რომ მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფის შედეგია ეს ყველაფერი.

ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება და ტურიზმის სექტორის დახმარება მაშინ ნამდვილად არ იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი. 600 000-იანი დახმარებით, როგორ ფიქრობთ, ის პრობლემა, რაც შეიქმნა ქართულ ტურიზმში დაძლევადი იქნებოდა? ეს ხომ ძალიან ელემენტარული და მარტივია“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.