მამუკა ბახტაძე - რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები 
მამუკა ბახტაძე - რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები 

რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს. მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ამ საკითხზე კომენტარი არაერთხელ აქვს გაკეთებული.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს, რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორების ოკუპაცია და ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი იწყება 90-იანი წლების დასაწყისიდან. რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები. მოახდინა ჩვენი მოსახლეობის გამოდევნა, ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელზეც მე ვსაუბრობ ყველა ფორმატში, ეს არის ჩვენი შეფასება, ეს არის ჩვენი მეგობრების შეფასება. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას. არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის, ემზადებოდა საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოში მათ საშუალებას მისცემდა, ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინათ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირები, რომელიც გაცხადებულია ჩვენს მიერ და რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა და ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. ამ მიზნებიდან და ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენს გადაწყვეტილება და ეს არაერთხელ ავხსენი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი