მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს - დაიმახსოვრეთ, კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ადამიანთა უფლებების ხარჯზე, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება
მამუკა ბახტაძე რომან გოცირიძეს - დაიმახსოვრეთ, კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ადამიანთა უფლებების ხარჯზე, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება

სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობისთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი.

„სწორედ ეს არის მთავარი ღირებულებითი სხვაობა. ჩვენთვის ადამიანია მთავარი ღირებულება. ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით. გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. შეიცვალა მეთოდოლოგია, მე ეს ავხსენი. იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუნდაც მწვავე კრიტიკა, რომ იმ მიმართულებებში, სადაც არის ზრდა, რა პრევენციული მექანიზმებია გასაკეთებელი, თქვენ მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ რასაც თქვენ ჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი – ადამიანების უფლებების გაუბედურება. ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, კრიმინალთან ბრძოლა არ შეიძლება ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე და ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება.

ჩაყევით სტატისტიკას და მიხვდებით, რომ რაც თქვენ განაცხადეთ ტყუილია, რომ თითქოს ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს ციხე, გამოიწვიეს ამ სტატისტიკის ზრდა. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. ციფრები აარის ძალიან ნათელი და წერილობით ფორმაშიც მოგაწვდით, ამის პირობას გაძლევთ. ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო. კრიმინალთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა. ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი და აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთი კანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და ეს წარსული საქართველოში არასოდეს დაბრუნდება. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში, გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას და საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ძალიან ეფექტურები ვართ კრიმინალთან ბრძოლაში ისე, რომ ვინარჩუნებთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.