მამუკა ბახტაძე - რეზოლუცია კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის გზაზე
საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუციის მიღების მნიშვნელობაზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუბრობს.
„დღეს პარლამენტმა მიიღო ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და ჩვენი თანამოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო.
ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე.
საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ერთხმად დაამტკიცა.
დეპუტატებმა დოკუმენტს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა კენჭისყრამდე, საკითხზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.
„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.