მამუკა ბახტაძე - რეგიონული განვითარება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია 
მამუკა ბახტაძე - რეგიონული განვითარება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია 

რეგიონებში ხშირად დავდივარ, რეგიონული განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, უკავშირდება თუ არა მისი ზუგდიდში ჩასვლა არჩევნებს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ზუგდიდში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდა, სადაც ბევრ საინტერესო ინიციატივაზე იყო საუბარი.

„ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ზუგდიდში ჩამოსვლა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ჩავატარეთ, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. ჩვენ რეგიონებში დავდივართ ხშირად და ყოველთვის გავაგრძელებთ, არ აქვს მნიშვნელობა, ტარდება თუ არა არჩევნები. არ შეიძლება ყველაფრის მიბმა არჩევნებზე. გვქონდა ამავე დროს ჩვენს გუნდთან საუბარი ადგილზე, ზუგდიდში. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დავაანონსეთ, გვაქვს ახალი ხედვები, რომელიც უკავშირდება ამ ულამაზესი კუთხის განვითარებას და ამაზე გვქონდა საუბარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.