მამუკა ბახტაძე - რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი
მამუკა ბახტაძე - რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი

ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიმდინარე პროექტები ისტორიული მნიშვნელობისაა.

„ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ათვისება; მეორე, შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო; მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ეფექტიანი საშუალება, რომ ვებრძოლოთ სიღარიბეს. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალებას იძლევა, ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

„ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. ეს საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ პროექტების დასრულების შემდეგ, ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს საშუალება, შექმნას მეტი დოვლათი, მეტი სამუშაო ადგილები და გახადონ თავიანთი ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი. ამისთვის გვჭირდება მასშტაბური ინვესტიციები. საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ორ პროექტზე გაამახვილა ყურადღება – რიკოთის უღელტეხილი და კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

„მინდა, დღეს მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. პირველი ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო – ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ძალიან ბევრი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და აუცილებლად გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში. დღეს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, ზაფხულის პერიოდია და უწევთ გადაადგილება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში, ყველას შეუძლია, თავისუფლად დაინახოს, როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი.

მეორე – რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დღეს ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.