მამუკა ბახტაძე - რაგბი გუნდურობის საუკეთესო მაგალითი და სიმბოლოა, რომ თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ
მამუკა ბახტაძე - რაგბი გუნდურობის საუკეთესო მაგალითი და სიმბოლოა, რომ თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ

რაგბი გუნდური თამაშის საუკეთესო მაგალითი და იმის სიმბოლოა, რომ თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ – ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც რაგბის აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ მორაგბეებს მოახლოებულ მნიშვნელოვან ტესტ-მატჩებში წარმატება უსურვა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სარაგბო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს რაგბის განვითარებას. მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა ფონდ „ქართუს“ წვლილი აღნიშნული სპორტის განვითარებაში.

„ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ მეც ვთამაშობდი რაღაც პერიოდის განმავლობაში და ძალიან კარგად ვიცი, რა განცდაა, როდესაც შენს მეგობართან ერთად ცდილობ ლელოს დადებას. ეს განსხვავებული ემოციაა და რაგბი გუნდური თამაშის საუკეთესო მაგალითია. მიხარია, რომ ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ბევრი ბავშვია ჩართული ამ სახეობაში. ჩვენც აქტიურად ვეხმარებით ფედერაციას, ფონდი „ქართუ“ უზარმაზარ საქმეს აკეთებს. დიდი მადლობა „ქართუს“, ყველას, ვინც გვეხმარება რაგბის განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება ამ სპორტის მეტი პოპულარიზაცია, დამატებითი ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, მეტი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამ გამარჯვებებს მოვიპოვებთ“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც იაპონიაში იმართება, დამატებითი რესურსებია საჭირო ნაკრების მოსამზადებლად, რაც უზრუნველყოფილი იქნება.

2012-2018 წლებში სახელმწიფომ „რაგბის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 71 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. „ფონდმა ქართუმ“ კი 200 მილიონ ლარამდე დახარჯა სტადიონების და საწვრთნელი ბაზების მშენებლობაზე. ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით აშენდა და მმართველობაში რაგბის კავშირს გადაეცა სტადიონები და ბაზები  –  თბილისში, რუსთავში, მარტყოფში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, თელავში, ასპინძასა და ფოთში.

შევარდენის ბაზაზე შეკრებილ „ბორჯღალოსნებს“ დღეს პრემიერთან ერთად მხარდაჭერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამოუცხადეს.

საქართველოს ნაკრები ნოემბერში სამ ტესტ-მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს „ავჭალის“ სტადიონზე სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ – ტონგას.