მამუკა ბახტაძე - რაჭაში მნიშვნელოვანი პროექტები დავაანონსეთ და დავიწყეთ, რომელთა უმრავლესობა წინსწრებით მიმდინარეობს
რაჭაში მნიშვნელოვანი პროექტები დავაანონსეთ და დავიწყეთ, რომელთა უმრავლესობა წინსწრებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც დღეს რაჭას სტუმრობდა.
„დღეს ვართ საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში. ჩვენ შარშან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დავაანონსეთ და დავიწყეთ. კარგია, რომ ამ პროექტების უმრავლესობა მიმდინარეობს წინსწრებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. შენდება სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იმერეთიდან რაჭის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს თბილისიდან რაჭამდე. ეს კი საშუალებას მოგვცემს, ამ ულამაზესი კუთხის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ. შარშანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული. ძალიან კარგია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ვენახების გაშენება. მიმდინარეობს გაზიფიკაცია. რამდენიმე სოფელი დაემატება წელს. რაც არის დარჩენილი, 2020 წლის გეგმაში ჩაჯდება. მიმდინარეობს ინტერნეტიზაცია. ასევე, მიმდინარეობს ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია, მოწვეულნი არიან იტალიელი სპეციალისტები. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სოფელ გოგოლათს მივანიჭოთ ეროვნული კატეგორიის სტატუსი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.