მამუკა ბახტაძე - ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები
მამუკა ბახტაძე - ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში შუალედური არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდა.

მთავრობის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე არჩევნების დღე შეაჯამა და ამომრჩეველს აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მოსახლეობას მივულოცო, საქართველოში კიდევ ერთხელ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარება. ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ქართულმა საზოგადოებამ ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა საქართველოში დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. მადლობას ვუხდი ამომრჩეველს, რომელმაც აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფიქსირა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველა პროექტი  და იდეა შესრულდება, რომელზეც საზოგადოებასთან შეთანხმება იყო.

„კარგად მესმის, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, რაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იყოს გადალახული. ყველას ვარწმუნებ, რომ ყველა ის პროექტი თუ იდეა, რაც საზოგადოებასთან შეთანხმდა, უმოკლეს ვადებში მათ რეალიზაციას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.