მამუკა ბახტაძე - ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართველები როდესაც ერთად ვდგავართ, დიდ შედეგებს ვაღწევთ
მამუკა ბახტაძე - ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქართველები როდესაც ერთად ვდგავართ, დიდ შედეგებს ვაღწევთ

ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები როდესაც ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალგაზრდები და სპორტული მიმართულება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ქართული სპორტის წარმატებები ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ახალმა პროგრამებმა შედეგი გამოიღო.

„2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ეს ამავე დროს ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ახალ პროგრამებს, რომელიც სპორტში ახალგაზრდების უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს, უკვე კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინსკში ჰქონდათ უნიკალური შედეგი და ევროპის კონტინენტზე მედლების რაოდენობით ჩვენმა ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენ ასევე გავხდით ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე, რომლის მიხედვით 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ბაქოში ასევე მაქსიმუმს გააკეთებს. თქვენ ხართ ქართული დიდი სპორტის ხვალინდელი დღე, საქართველო ამაყობს თქვენით“, – მიმართა პრემიერმა სპორტსმენებს.

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში 21-27 ივლისს გაიმართება. თამაშებში მონაწილეობას ევროპის 50 ქვეყანა მიიღებს. სპორტსმენთა ასაკი 19 წელს ქვემოთაა. პროგრამაში სულ სპორტის 10 სახეობაა. საქართველოს დელეგაცია ექვს სახეობაში 36 სპორტსმენით იასპარეზებს.