მამუკა ბახტაძე - ქართული ჯარი არის ყველაზე ფასეული ინსტიტუტი და ბინძურ კამპანიაში მისი შემოყვანის მცდელობა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
მამუკა ბახტაძე - ქართული ჯარი არის ყველაზე ფასეული ინსტიტუტი და ბინძურ კამპანიაში მისი შემოყვანის მცდელობა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

ქართული ჯარი არის პოლიტიკის მიღმა, ჩემი გადასახედიდან ეს არის ყველაზე ფასეული და ყველაზე წმინდა ინსტიტუტი და როდესაც ნებისმიერი ძალა ცდილობს, მის შემოყვანას ბინძურ კამპანიაში, ეს არის სრულიად მიუღებელი და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ეს არის ხელწერა, რასაც საზოგადოება ოპონენტების მხრიდან ხედავს.

„ჩვენ ვაკვირდებით, რუსული რბილი ძალა პროპაგანდის სხვადასხვა კომპონენტით როგორ ცდილობს, საქართველოში შეაფერხოს ის პროექტები, რომლებიც ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციით, ე.წ ფეიკ ნიუსებით შექმნას ეს ილუზია. ამის მაგალითი იყო დეზინფორმაცია „ჯაველინებზე“, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის მის მიყიდვას გეგმავს. ამაზე დიდი ტყუილის მოფიქრება თეორიაში ალბათ შეუძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ამას შემდეგ ახმოვანებენ. თუ რამეს შეიძლება ღალატი უწოდო, ღალატი უნდა უწოდო ასეთ რამეს. ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. მე თავს არ მივცემ უფლებას, სენსიტიურ თემებზე ვისაუბრო, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ საქართველომ ორი წლის წინ დაიწყო ასეთ ტიპის შეიარაღების მიღება, მანამდე ეს ვერ ხდებოდა. არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, მაგრამ საზოგადოებას ეს კარგად მოეხსენება. ეს არის ჩვენი, ქართული სახელმწიფოს უზარმაზარი წარმატება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, შემდეგი თემა, რასაც შეუძლებელია, ემოციების გარეშე შეხედო, ეს არის „ბინძურ თამაშებში“ ქართული ჯარის შემოყვანის მცდელობა.

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში, საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები. ჩვენ უნდა დავძლიოთ რუსული ოკუპაცია და ეს მიზანი გადის წარმატებაზე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. ამ გზაზე, ბუნებრივია, ჩვენი რეფორმები არის მთავარი. როდესაც ესა თუ ის პოლიტიკოსი თავისი გამონათქვამებით ცდილობს, ქართული ჯარი შემოიყვანოს ასეთ ბინძურ თამაშებში, ეს არის ყველაზე დიდი ზიანი, რაც შეუძლია ქართულ სახელმწიფოებრიობას მიაყენოს. აქაც ძალიან საინტერესო ქრონოლოგიასთან გვაქვს საქმე.

როდესაც დაიწყეს ჩვენს ჯარში მიმდინარე საკითხებზე დეზინფორმაციის აგორება, ოქტომბრის ბოლოს, მივიღე წერილი აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან ჯეიმს მატისისგან, რომელიც საქართველოს გატარებული რეფორმებისთვის მადლობას უხდის. იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საქართველომ შეასრულა, ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანაც ვერ აკმაყოფილებს. ისმის მარტივი კითხვა – რას დავუჯეროთ?! ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის თავდაცვის მდივნის მხარდამჭერ წერილს, თუ ამ დეზინფორმაციას?! ქართული ჯარი არის პოლიტიკის მიღმა, ჩემი გადასახედიდან ეს არის ყველაზე ფასეული და ყველაზე წმინდა ინსტიტუტი და როდესაც ნებისმიერი ძალა ცდილობს, მის შემოყვანას ბინძურ კამპანიაში, ეს არის სრულიად მიუღებელი და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.