მამუკა ბახტაძე - ქართული დიპლომი აღიარებული იქნება ევროპაში, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტები შეძლებენ, სამშობლოში მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება
მამუკა ბახტაძე - ქართული დიპლომი აღიარებული იქნება ევროპაში, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტები შეძლებენ, სამშობლოში მიიღონ ევროპული ხარისხის განათლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქართული დიპლომების ევროპაში აღიარება ისტორიული გამარჯვება და წარმატებაა.

„ამას აქვს სამი მიზეზი. პირველი, რომ ქართული დიპლომი აღიარებული იქნება ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც მიდიოდნენ ევროპაში, ევროპულ საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად, ისინი შეძლებენ, სამშობლოში მიიღონ ასეთივე უმაღლესი, ევროპული ხარისხის განათლება. ეს არის დიდი წარმატება. მეორე, რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური წარმატება, ეს არის წარმატება ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ევროინტეგრაციის გზაზე.

ერთ-ერთ ყველაზე და ჩემი შეხედულებით ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში, ამ შემთვევაში განათლებაში. მესამე, ჩვენი სახელმწიფოებრივი სტრატეგია არის ის, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად.

ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის დათმობილი სწორედ განათლებისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ განათლების კერის სტატუსი მთელი რეგიონისთვის. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება თამამად ვუწოდოთ, რომ ეს არის ისტორიული წარმატების მქონე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლებას, როგორც სექტორს, ეთმობოდა ყველაზე ნაკლები დაფინანსება.

„მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. ვინაიდან, ეს არის ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. ვინაიდან, ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხის რეალურ ზრდაზე და ამ ხარისხის რეალურ კონტროლზე. როდესაც გამოვაცხადეთ განათლების რეფორმა, ის ეროვნული იდეა, რომელიც გვწამს, რომ უნდა იყოს ქვაკუთხედი სახელმწიფოს განვითარების, მისი მდგრადობის. ჩვენ ვსაუბრობდით ამავე დროს მასშტაბურ ინვესტიციებზე. ვინაიდან, ჩვენ თუ ავიღებთ საქართველოს ბოლო ათწლეულების ისტორიას, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აღმოვჩნდით ამდენი გამოწვევის წინაშე არის სწორედ ის, რომ განათლებას ექცეოდა ყველაზე ნაკლები ყურადღება და ყველაზე ნაკლები დაფინანსება იყო მიმართული განათლებისკენ. მეც, როგორც ყველა მოქალაქეს, ბევრი მთავრობისგან მახსოვს, განაცხადი, რომ განათლება ხდებოდა პრიორიტეტი.

როდესაც ხდება ეს განაცხადი, პრიორიტეტი პირველ რიგში უნდა იგრძნობოდეს ბიუჯეტში. სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის ვხედავდით, რომ განათლებას, როგორც სექტორს, ეთმობოდა ყველაზე ნაკლები დაფინანსება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.