მამუკა ბახტაძე - პროექტი „მწვანე პოლიტიკა“ ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში
მამუკა ბახტაძე - პროექტი „მწვანე პოლიტიკა“ ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში

ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი „მწვანე პოლიტიკა“ სრულიად ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მოდელი, როგორ უნდა ჩანაცვლდეს ქვეყანაში არსებული ავტოპარკი ელექტრომობილებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან გამკლავებას და ამასთან ერთად, ის მნიშვნელოვნად განამტკიცებს ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას. ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი გახლავთ ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი. ჩვენ სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლის ნაწილში, ვიდრე ვახორციელებთ ექსპორტს, იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე და ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას და ამასთან ერთად ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, ვინაიდან ამ პროექტით მნიშვნელოვნად შემცირდება ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ მნიშვნელოვან შეღავათებს დავაწესებთ სალიზინგო სისტემებზე, რომლის მიხედვითაც მოქალაქე, რომელსაც ჰყავს დღეს შიდა წვის ძრავიანი ავტომობილი, იმ ეკონომიის ხარჯზე, რაც მას აქვს საწვავის ეკონომიის ხარჯიდან გამომდინარე, გადაიხდის ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად, ხუთი წლის განმავლობაში გამოისყიდის ახალ ელექტრომობილს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, თბილისში აშენდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ელექტროსადგურებით დააკავშირებს სამგორიდან ლილოს მიმართულებას.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გახლავთ ჩვენი მწვანე პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი პროექტ ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, 230 ათასი ადამიანი ისარგებლებს ამ ძალიან მნიშვნლეოვანი პროექტით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი