მამუკა ბახტაძე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა გამოიწვია მძიმე შედეგები
მამუკა ბახტაძე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა გამოიწვია მძიმე შედეგები

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის მძიმე შედეგები, რაც 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, პირდაპირი მოწოდებებისა და პროვოკაციის შედეგია.

„ამ საკითხს, ისევე როგორც ზოგადად 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აქვს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ამ ადამიანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის დეტალებში არ შევალ და ვერც შევალ, მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქის – ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი მოწოდებები და პროვოკაცია, რომ მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში შესვლა. ეს იყო მოწოდება, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე შედეგები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.