მამუკა ბახტაძე - პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის 
მამუკა ბახტაძე - პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის 

ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული, გამოიძებნოს მექანიზმი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანდა თავის საჯარისო ნაწილებს საქართველოს ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ევროკავშირს და გერმანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს საერთაშორისო მისიებიდან მხოლოდ ერთი მისია არის საქართველოში, ეს არის ევროკავშირის მისია, რომელიც იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ კანცლერს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ეს მისია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა ეს არის მშვიდობა, ეს არის განვითარება და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში.

როდესაც ჩენ ვსაუბრობთ ჩვენს საგარეო მიზნებზე, არაერთხელ დავაფიქსირე და კიდევ გავიმეორებ – საქართველო ისტორიულად მუდმივად იყო ევროპული სივრცისა და ევროპული კულტურის ნაწილი, შესაბამისად, ეს არის ჩვენი არჩევანი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჩვენი პოზიცია გახლავთ, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის რთული გამოიძებნოს მექანიზმი, მშვიდობიანად დავარეგულიროთ ეს პროცესი. ჩვენ გვსურს მშვიდობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.