მამუკა ბახტაძე - პოლიტიკურ ჯგუფებთან გუშინდელ შეხვედრებზე სამთავრობო პროგრამის შესახებ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ვერ მოვისმინე
მამუკა ბახტაძე - პოლიტიკურ ჯგუფებთან გუშინდელ შეხვედრებზე სამთავრობო პროგრამის შესახებ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ვერ მოვისმინე

საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ჯგუფებთან გუშინ გამართულ შეხვედრებზე სამთავრობო პროგრამის შესახებ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ვერ მოვისმინე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, გუშინდელი შეხვედრები საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური კომუნიკაცია.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, შეხვედრებზე გუშინ იყო ბრალდებები, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ჩვენ ვიხილეთ ის, რომ კონკრეტულ წარმოდგენილ პროგრამაზე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისეთი ბრალდება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, დაწყებული იმით, რომ ვითომ, აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა უფლება და ვერ შევიდა რკინიგზაში კონკრეტული აუდიტის დასკვნის დასადებად. 2017 წელს მას აღნიშნული დასკვნა გაკეთებული აქვს და თქვენ შეგიძლიათ, ეს კიდევ ერთხელ იხილოთ. ასევე, ვითომ, საქართველოში ჩვენ გავაუარესეთ საგადასახადო ტვირთი, ამაზეც დამატებით მოგახსენებთ შემდეგ“,  – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული.

„ვისურვებდი, დისკუსია იყოს წარმართული შინაარსობრივად, ვინაიდან, პირველ რიგში, მმართველი ძალისთვის და მთავრობისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, კონკრეტულად ვნახოთ რაშია ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, თქვენგან ასეთი რამ ვერ მოვისმინე“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერობის კანდიდატმა განმარტა, რომ მისი და მისი გუნდისთვის ის 9-წლიანი მმართველობის პერიოდი ორიენტირი არ არის.

„ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო წარსულზე, მე მინდა ვისაუბრო მომავალზე და იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაც უნდა გავუკეთოთ ქართველ ხალხს, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვისმენთ ისეთ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგორიც ეს იყო გუშინ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, თუ რა სტატისტიკა ჰქონდათ მაშინ ჩვენს წინამორბედებს და ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ ისე, როგორც არის რეალურად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, მისი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, თუ როგორ მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა და გამკლავება, რაც დღეს არის ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ბახტაძემ.

მინისტრობის კანდიდატებსა და პრემიერობის კანდიდატს გუშინ პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციების სხდომებზე მოუსმინეს.