მამუკა ბახტაძე - პირველი იანვრიდან ე.წ. შავი სიის მართვა და მისი ზედამხედველობა მთლიანად მოექცევა ეროვნული ბანკის ქვეშ
მამუკა ბახტაძე - პირველი იანვრიდან ე.წ. შავი სიის მართვა და მისი ზედამხედველობა მთლიანად მოექცევა ეროვნული ბანკის ქვეშ

ჭარბვალიანობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შეცდომად მე მიმაჩნია ის, რომ საქართველოში არ დაიწყეს ლარიზაციაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმა და დოლარიზაციამ მიაღწია ისეთ დონეს, რომ ძალიან მოწყვლადი გახადა ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მესამე კომპონენტი, რომელიც ასევე აისახება ჭარბვალიანობაზე არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები თავის შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილს ხარჯავენ სესხების მომსახურებაზე. აქაც ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტი მივუახლოვოთ და გავუტოლოთ საერთაშორისოდ აღიარებულ ჯანსაღ დონეს და ჯანსაღ პრაქტიკას.

ამ ნაწილშიც მნიშვნელოვანი ინიციატივები განვახორციელეთ ეროვნულ ბანკთან ერთად კიდევ უფრო მეტს ვაპირებთ.

იცით ალბათ, ლარიზაციის გეგმა. ჭარბვალიანობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შეცდომად მე მიმაჩნია ის, რომ საქართველოში არ დაიწყეს ლარიზაციაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმა და დოლარიზაციამ მიაღწია ისეთ დონეს, რომ ძალიან მოწყვლადი გახადა ჩვენი ეკონომიკა.

თქვენ თუ წაიკითხავთ ნებისმიერი სარეიტინგო კომპანიის ანგარიშებს, იქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისტორიულად, რომელსაც ჩვენს ეკონომიკას უფიქსირებდნენ, გახლდათ სწორედ მაღალი დოლარიზაციის დონე. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ვიქნებით აქტიურები.

რისკებს თუ შეიცავს ეს ინიციატივა? წაახალისებს თუ არა უპასუხისმგებლო მსესხებლებს? ამ პოზიცია აქვს არსებობის უფლება იმ გარემოს, რა გარემოშიც განვითარდა საფინანსო და საკრედიტო ურთიერთობები საქართველოში, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება, მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში ლარიზაციის დონის ზრდის თვალსაზრისით, ბუნებრივია, ასეთ რისკებისგან ჩვენ ვიქნებით დაცული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძის თქმით, პირველი იანვრიდან ე.წ. შავი სიის მართვა და მისი ზედამხედველობა მთლიანად მოექცევა ეროვნული ბანკის ქვეშ.

„აქ იგულისხმება როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორი, რაც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მომავალში ასეთი უპასხისმგებლობებისგან, რომ ასეთ მასშტაბით მოხდეს პრობლემების დაგროვება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს პრობლემა აღარ შეგვექმნება. ჩვენ როდესაც ვაკეთებდით ამ სიის ანალიზს, რაღაც უნდა გამოგვეყენებინა კრიტერიუმად, მათ შორის გავიარეთ კონსულტაციები ფინანსურ ინსტიტუტებთან და კრიტერიუმი, რომლითაც ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ბუნებრივია, შეეხებოდა სწორედ იმას, რომ გაკეთებულიყო აქცენტი სოციალურად მგრძნობიარე პორტფელზე და სწორედ ამ თანხამ გამოაჩინა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულად შეეხო ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც ჰქონდათ სესხები ამ მაშტაბით აღებული.

სხვათა შორის, „იუნისეფის“ კვლევაც გახლავთ ამისი დასტური, სადაც ნათლად არის გამოჩენილი მოსახლეობის რომელი ნაწილისთვის აღმოჩნდა ჭარბავლიანობა ყველაზე მტკივნეული.

რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს და სხვა მსესხებლებს, აქ ჩვენი მოქმედების მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ ე.წ. განკარგვადი შემოსავლიდან მოქალაქეებს არ უხდებოდეთ ასეთ დიდი ნაწილის დახარჯვა საპროცენტო ხარჯებზე, რომელიც მათ შორის შეიძლება და აუცილებლად აისახება დადებითად, მათ შორის იმ კატეგორიაზე, რომელიც აღინიშნა. 600 ათას ადამიანში შედის 150 ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და რამდენიმე ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამავე დროს იღებს სოციალურ დახმარებას. ფაქტობრივად ხშირ შემთხვევაში სესხები გაიცემოდა იმ უზრუნველყოფით, რომ მოხდებოდა მათი დახმარების გამოყენება. ის პირობები, რომ ვნახოთ რა პირობებითაც ხდებოდა ამ სესხების გაცემა, არის სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი“,- განაცხადა ბახტაძემ.