მამუკა ბახტაძე - სტიქიას ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამაც, იმ ხალხსაც  მივხედავთ,  ვინც ამით იყო დაკავებული
მამუკა ბახტაძე - სტიქიას ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამაც, იმ ხალხსაც მივხედავთ, ვინც ამით იყო დაკავებული

სოფელ ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია, სწრაფი შეტყობინების სისტემები ყველგან გვქონდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელიც ჭუბერში ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება.

„ველოდებით წყლის დონის დაწევას, რათა დაიწყოს გზის აღდგენის სამუშაოები. არსებობს ყველანაირი მობილიზაცია, რაც უკავშირდება სასმელი წყლის, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შემოტანას. ასევე, გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი სტიქიის ზონიდან.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია, ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები, რაც მხოლოდ ორ ადგილზე გვაქვს“, – განუცხადა ჭუბერში პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, პირველადი შეფასებით, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია.

„პირველადი შეფასებით, ჭარბმა ნალექმა გამოიწვია. თუმცა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამ. ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.

ადამიანები, რომლებსაც საშიშროება ემუქრებოდათ, გამოვიყვანეთ უსაფრთხო ადგილზე, ახლა რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ.

რაც შეეხება ნენსკრაჰესს, როდესაც გვექნება დასკვნა, თუ რას უკავშირდებოდა სტიქია, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ადგილზე იმყოფება ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.