მამუკა ბახტაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის
მამუკა ბახტაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

„საქმე გვაქვს ძალიან მარტივ იურიდიულ მომენტთან. საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ორგანიზაციამ რეზიდენტი შეიცვალა, ის საქართველოს რეზიდენტი გახდა. შესაბამისად, ამასთან ერთად, მოხდა გარკვეული ტიპის სესხების გასტუმრება, რაც საერთო ჯამში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (FDI) აისახა. ჩვენ უნდა ვუყუროთ სტრუქტურას, რატომ შემცირდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ის მიესალმება, საქართველოში რაც მეტი კომპანიის გადმოსვლას უცხოური რეზიდენტობიდან.

„მივესალმები, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია გვყავდეს ისეთი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უცხოური რეზიდენტობიდან გადმოვიდეს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2018 წლის მესამე კვარტალში, 322.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.